10 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. შპს “საქაერონავიგაციის” მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვებამ საქართველოს საშუალება მისცა, რომ არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემა, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა 1 წელიწადში ამოეწურება, ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სისტემებით ჩაანაცვლოს. ახალი სისტემის ღირებულება 15 მილიონი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, ესპანური კომპანია თავად დაამონტაჟებს სისტემას, განახორციელებს თანმდევ მომსახურებას და მონიტორინგს გაუწევს თანამშრომლების გადამზადების პროცესს.