ძლიერმა ქარმა გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფლებში თხილისა და ხეხილის დაზიანება გამოიწვია.
როგორც დაბალი, ისე მაღალი ზონის სოფლებში, სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ადგილზე შეისწავლის.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქარმა განსაკუთრებით მსხმოიარე ხილის პლანტაციები გაანადგურა.
,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაია ღურწკაიამ აღნიშნა, რომ ძლიერი ქარის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელში თხილის მოსავლის ზარალმა 10 %, ხოლო ზოგან 30 % შეადგინა.
მისი თქმით, ზარალის ანაზღაურების გზებსა და სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სპეციალური კომისიის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ 1 კგ თხილის ფასმა, გასულ ზამთარს ბაზარზე 11 ლარს გადააჭარბა და დღეის მონაცემებით, კილოგრამი თხილი 10 ლარი ღირს.