სოფლის მეურნეობის სექტორში სს „საპარტნიორო ფონდის“ პროექტმა „ვანრიკ აგრომ“ „გლობალ გეპის“ (Global GAP) სერტიფიკატი მიიღო, რაც მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიების ევროსტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
Global GAP-ის სერტიფიკატი კომპანიას პროდუქციის ევროპის ბაზარზე გაყიდვის საშუალებას აძლევს. „ვანრიკ აგრო“ ლურჯ მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სუპერმარკეტების ქსელ „ვოლმარტთან“ (Walmart) აწარმოებს. პროდუქციის გატანა იგეგმება დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის ბაზრებზე. კომპანია წარმოებული პროდუქციის 90%-ს საექსპორტოდ ამზადებს.
Global GAP წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აყალიბებს ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ პროდუქციის გატანა ევროპის ბაზარზე.
ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტი სს „საპარტნიორო ფონდმა“ ადგილობრივ კომპანია სს „ვანრიკ აგროსთან“ ერთად ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში დაიწყო. ლურჯი მოცვის პლანტაციის განაშენიანება დამატებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ფონდის ინვესტიციით მიმდინარეობს. უკვე მუშაობს თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება.
პროექტში 400 ადგილობრივი დასაქმდა, საიდანაც 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი და 300-მდე სეზონური მუშახელია. პროექტის ჯამური ღირებულება 6,7 მლნ. აშშ დოლარია.