ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის აბსოლუტური დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და ამის საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველობის აბსოლუტური დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არის თხოვნა, რომ პროცესი უფრო საჯარო გახდეს და უფრო მეტი არგუმენტაცია იყოს მოყვანილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანეს, სადაც ზედამხედველობის სამსახური ცალკე სტრუქტურად არსებობს. ასევე, დასახელდა ის მაგალითებიც, სადაც აღნიშნული სამსახური ცენტრალური ბანკის შემადგენლობაში შედის.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამსახური დამოუკიდებელი უნდა იყოს. იმის არგუმენტი, რომ დამოუკიდებელი არ იყოს, მემგონი არ არსებობს“, - განაცხად ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ სტუქტურად გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად, ეროვნულ ბანკში, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კადრების არსებობაა დასახელებული, რომელსაც ხელისუფლება არ ენდობა.