ასტანა-თბილისი-ასტანა საჰაერო ხაზის პირველი რეისი (KC 119) გუშინ 18:00 სთ-ზე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს Embraer E-190 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციები ორივე ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, ტავ ჯორჯიას მიერ ორგანიზებულ მიღებაში მონაწილეობა სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ იგორ აფციაურმა და გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ მიიღეს.
წამყვანი ყაზახური ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ 2001 წელს დაფუძნდა, ხოლო კომერციული ფრენების განხორციელება 2002 წლიდან დაიწყო. დღეისათვის იგი ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიაა ცენტრალურ აზიაში. „ეარ ასტანა“ 64-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაციის SKYTRAX-ის მიერ, 2012 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად, ყაზახური ავიაგადამყვანი გახდა ერთადერთი 4 ვარსკვლავიანი ავიაკომპანია რუსეთის, დსთ-სა და აღმ. ევროპის ქვეყნების ავიაკომპანიებს შორის და დღესაც ინარჩუნებს ამ სტატუსს (სულ მსოფლიოში 35 4-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიაა).