ოდესღაც მოსკოვის ერთგული მთავრობები დაახლოებით ნახევარი წლის ინტერვალით ხელისუფლებას ერთი მეორის მიყოლებით კარგავდნენ - იხსენებს "ფერადი რევოლუციების" დროს " TIME "-ი და აგრძელებს: "ამჟამად სიტუაცია საწინააღმდეგო ტენდენციით შეიცვალა: ბოლო სამი თვის განმავლობაში სამიდან ორი "ფერადი რეჟიმი" დაეცა, სააკაშვილი თავს მარტოსულად მიიჩნევს, ისე როგორც არასოდეს და აფრთხილებს ობამას ადმინისტრაციას, რომ არ შეიძლება რუსეთს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედების თავისუფლება მიეცეს" _ ნათქვამია ჟურნალის კორესპოდენტის საიმონ შუსტერის სტატიაში, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუა გამოქვეყნებული.
საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალთან საუბარში სიტუაციის თავისეულ ხედვაზე საუბრობს. მისი აზრით, ობამა უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, იმის გამო, რომ იგი მოსკოვთან ურთიერთობების დამყარებისკენ ისწრაფვის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მერე, რომელმაც თავის მხრივ "ფერადი რევოლუციების" მხარდაჭერით გააცოფა მოსკოვი. შედეგად, ახლა რუსეთი აშშ-ს სთხოვს, არა მხოლოდ გაწყვიტოს ურთიერთობა მოკავშირე საქართველოსთან, არამედ საბჭოური გავლენის სფერო დაიბრუნოს.
"პრაქტიკულად ამისათვის აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეებისაგან საჭიროა, როგორც ჩანს, სამი რამ: არ უგულშემატკივრონ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ნატოში, ღიად მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციურ მოძრაობებს რომლებიც პრორუსული ხელისუფლებების შესაცვლელად იბრძვიან და მთლიანობაში არ დაივიწყონ მოსკოვთან კონსულტაცია, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ამ მოთხოვნებიდან არც ერთი არ სრულდებოდა, ამიტომაც რუსეთთან ურთიერთობა გაფუჭდა, თუმცა ობამა უფრო დამთმობად იქცევა. ყველაზე ცხადი ცვლილება ნატოში ხდება.
"რა თქმა უნდა, ოფიციალურ განცხადებებში ობამას გუნდი აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის მათ აშშ-ს მოკავშირეებისათვის მას ზურგი არ უქცევიათ და სააკაშვილიც აცხადებს, რომ ყოველდღიური კავშირების მდგომარეობაზე ვერ დაიჩივლებს. მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომი გადამწყვეტი მომენტი გახდა _ მან აჩვენა, რომ რუსეთი მზად არის რეგიონში თავისი ინტერესების დასაცავად ძალა გამოიყენოს, აშშ კი შესაძლოა ომში ჩათრეული აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში თუკი ამ ინტერესების წინ აღდგომას გააგრძელებს.
ამჟამად, კი იმის ნაცვლად რომ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოწინააღმდეგეებს აშშ მოსკოვის სახით გლობალური უსაფრთხოების საკითხში პარტნიორს ხედავენ და ეს ტაქტიკა ამართლებს. თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი ტონის ყოველ შერბილებას სისუსტედ და თავისი სიმძლავრის აღიარებად აფასებს. არადა, სიმძლავრე გარკვეულწილად იზრდება უკრაინასა და ყირგიზეთში კრემლთან მეგობრული მთავრობების გაჩენით, ხოლო ვაშინგტონს ეს როგორც ჩანს სავსებით აწყობს და მას რუსეთთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს", _ წერს შუსტერი.