ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ვებგვერდი news.com.au საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ სტატიას და ფოტორეპორტაჟს ავრცელებს. გამოცემას ავსტრალიაში 3,7 მილიონი მკითხველი ჰყავს.
„კავკასიონის მაღალ და გაუვალ მთებში ძლიერი და თავისუფალი ხალხი ცხოვრობს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუთხის შვილებმა, სვანებმა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საკუთარი დაუწერელი ენა, უნიკალური კულტურა და ტრადიციები შეინარჩუნეს.
ცხოვრების თემური წესები სვანებმა დღემდე შემოინახეს. წარმართული ელემენტები შერწყმულია ქრისტიანულ რწმენასთან. სვანეთში განსაკუთრებით გამოსარჩევია ადგილობრივი სამზარეულო. მესტიასა და უშგულში სახლებს შორის მრავლად არის ქვის კოშკები. კავკასიონის უზარმარზარი მწვერვალებით გარშემორტყმულ სვანეთში ათასწლოვანი კოშკები თავდაცვის მიზნით ააგეს.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სვანეთი მიტოვებულ კუთხედ იქცა. რეგიონის გზატკეცილზე ბანდიტები და კრიმინალები დათარეშობდნენ. ბოლო წლებში რეგიონი სტაბილური გახდა. ერთდროს იზოლირებული სვანეთი სამოგზაუროდ გაიხსნა.
„შეიძლება ევროპული ქვეყანაა, მაგრამ აქ ზოგიერთი თემი საკმაოდ იზოლირებულად ცხოვრობს“ -ამბობს თარა კენავეი, სამოგზაურო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც სვანეთში ტურს გვთავაზობს და სვანეთის შესახებ ამბებს გვიყვება.-„ამ მთებში ინახავენ ისტორიებს მეომარი ჯგუფების შესახებ. ეს ხალხი უნიკალური არქიტექტურის, თავდაცვითი კოშკების მფლობელია. ეს სიურეალისტური სამყაროა: მყინვარები, მთები, მდინარეები, ტყეები და უცბად წინ პირქუში ქვებით ნაგები კოშკები აღიმართება.“
ეს მაღალი თავდაცვითი კოშკები ძირითადად შუასაუკუნეებში (მე-9-მე-13) ააგეს. მესტიაში დაახლოებით 175 კოშკია შემორჩენილი.
სოფელი უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებაა. ეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აქ მდებარეობს თამარ მეფის კოშკი.
სვანეთს საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა დაჰყურებს.(5068მ) მწვერვალის ძირში მოსახვედრად და უნიკალური მყინვარის დასათვალიერებლად მოგზაურებს ფეხით მესტიიდან 5-6 საათი სჭირდებათ.
სვანეთში ადგილობრივებს ფერმები აქვთ მოწყობილი. აქ მზადდება ცნობილი ქართული ყველი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ბერძნულ ყველს ჰგავს, ამ ყველით გემრიელი კერძი, ხაჭაპური მზადდება, ცომის შუაში ბევრი ყველია მოთავსებული, ზევიდან კი კვერცხს ასხავენ.“ -ამბობს თარა.
„ადგილობრივ მოსახლეს ძალიან გაუხარდა როდესაც გაიგო, რომ ავსტრალიიდან ვიყავი და სახლში დამპატიჟა, სადაც ხაჭაპურით გამიმასპინძლდა. ეს წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა იყო.მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ გამომიცდია. ამ პატარა ქვეყანაში ხალხი აღფრთხოვანებულია, როდესაც გებულობენ, რომ შენ მათი კულტურით ხარ დაინტერესებული“- გვიყვება თარა.
ანტიკური ცივილიზაციის ისტორია ქუთაისსაც მოიცავს. უძველეს ქალაქს, რომელიც 3 ათასწელზე მეტისაა. ამ ქალაქთან დაკავშირებულია მითი იასონისა და არგონავტების შესახებ.
მცხეთა კი საქათველოს უძველესი დედაქალაქი და რელიგიური ცენტრია, სადაც გადმოცემის მიხედვით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქრისტეს კვართია დაფლული.
ვფიქრობ საქართველოს უძველესი და მშვენიერი ისტორიით, უნიკალური კერძებით და დიდი კულტურით ხალხი მოიხიბლება.
გაოცებული ვარ, რატომ არ მოგზაურობენ უფრო მეტს საქართველოში. პოლიტიკურად სტაბილური, დამოუკიდებელი ქვეყანაა. აქაურები მოგზაურებს ელოდებიან. „-წერს სტატიის ავტორი.