პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა.
მისივე განმარტებით, შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
"საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მთავარ აქცენტს, ალბათ, გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი,ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. შესწავლილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულებები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა პრემიერმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე.