კინოთეატრებს 6-თვიანი ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ დარბაზები ფილმების ორიგინალურ ენაზე გაშვებისათვის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს განათლების და მეცნიერების კომიტეტში იმ კანონპროექტის განხილვისას იქნა მიღებული, რომელიც კინოთეატრებს ფილმების ორიგინალურ ენაზე გაშვებას ავალდებულებს.
მთავრობის ეს ინიციატივა რომელიც "კინემატოგრაფიის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ითავლისწინებს პარლამენტში ხელმეორედ არის შესული. თავდაპირველად აღნიშნული ინიციატივა პარალმენტში შესული იყო აღნიშნული პრინციპის ტელევიზიებში განხორციელებასთან ერთად, თუმცა იმის გამო, რომ ამ საკითხებს ტელევიზიებსა და კინოთეატრებში სხვადასხვა კანონი არეგულირებს, კინოთეატრებთან დაკავშირებული ნაწილი პრეზიდენტმა დეკემბერში უკან გაიწვია და ინიციატივა ახლა უკვე თავიდან ცალკე კანონპროექტის სახით არის შესული.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფილმები კონოთეატრებში უნდა იქნას გაშვებული ორიგინალურ ენაზე ქართული სუბტიტრების თანხლებით, თუმცა განათლებისა და კულტურის კომიტეტი მიიჩნევს, რომ კანონშივე უნდა იქნას ჩაწერილი ისიც, რომ კინოთეატრებს შეუძლიათ ფილმები გაუშვან სახელმწიფო ენაზე დუბლირებულიც. ტიტრებიან და დუბლირებული ფილმების პროცენტულ მიმართებას კი განსაზღვრავს თავად კინოთეატრის ხელმძღვანელობა კულტურის სამინისტროთან შეთანხმებით.
კანონის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება ისიც, რომ კანონის ამოქმედებიდან კინოთეატრებს მიეცემათ 6-თვიანი ვადა შესაბამისი ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად. განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის განმარტებით, კომიტეტი საკითხი მეორე მოსმენით განხილვისას დააყენებს საკითხს, თუ როგორ უნდა იქნას მოგვარებული აღნიშნული საკითხი ეროვნული უმცირესობებისთვის, რომლებმაც არც ქართული და არც უცხო ენა არ იციან.