საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების საკითხთა შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროების, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სემეკის ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე წყალმომარაგების და წყალარინების სფეროში საკანომდებლო კუთხით არსებულ საერთო პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ფუნცია-მოვალეობები დასარეგულირებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლების უმრავლესობაში საერთოდ გაურკვეველია ამ სფეროში სამართლებრივი კომპეტენციები. ასევე მოსაწესრიგებელია რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების კუთვნილების საკითხები. აღინიშნა, რომ სოფლების დიდ უმრავლესობაში არ ოპერირებენ წყლის მიმწოდებელი კომპანიები, რაც ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. მარტის პირველი ნახევრისთვის მომდევნო შეხვედრა დაიგეგმა, რომელზეც არსებული მდგომარეობის გამოსწორების გეგმის დასახვა მოხდება.
აღნიშნული კომისია ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რომლის მისი საქმიანობის მიზანს საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კუთხით წინადადებების, ასევე რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. მისი ძირითადი ამოცანა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, შესაბამისი დარგების სპეციალისტთა მოწვევით, მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო კომპანიებს შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხში სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შემუშავებაა. კომისიის რეკომენდაციები და წინადადებები განსახილველად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა და საქართველოს მთავრობას წარედგინება.