საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში პირველად პროექტს "St-ART-up მარათონი" ატარებს. სააგენტოს ცნობით, პროექტის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შანსი, დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნეს-იდეა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (Fablab) მეშვეობით.
27 თებერვალს ყველა დარეგისტრირებული პირი გაივლის სატრენინგო კურსს, ლაზერული მჭრელის (Laser Cutter) მუშაობის პრინციპის შესახებ.
"ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, ასევე შექმნან პროდუქტის 2D მოდელი და ჩამოაყალიბონ კომპანია. შერჩეული მონაწილეები გადავლენ პროექტის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს პროტოტიპის შექმნასა და მის რეალიზებას. პროდუქტის ბაზარზე გატანა პირველად მოხდება პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე. ერთი და იგივე პროფილის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ ერთმანეთი, ერთად იმუშაონ იდეებზე და ამ სინერგიის საფუძველზე შეიქმნას ინოვაციური პროექტები, რომლებიც სააგენტოსა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მხარდაჭერით რეალურ პროდუქტებად და ბიზნესად გარდაიქმნება", - ნათქვამია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის მიზანს დარგის ცნობადობის ამაღლება, სფეროში ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა, ასევე ინოვაციური "სტარტაპ" კომპანიების შექმნა წარმოადგენს, რომლებიც თავისი პროდუქტის პროტოტიპირებას სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ბაზაზე მოახდენენ.
მასალის გამოყენების პირობები