23 თებერვალს მთავრობა სსფ-ს მისიასთან ინფრასტრუქტურული ზეგეგმიური პაკეტის მოცულობის შესახებ იმსჯელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც მოკლევადიან შედეგზე იქნება ორიენტირებული არის ის, რომ მთავრობა კაპიტალური დანახარჯების კუთხით დამატებით თანხას მოითხოვს.
"ექსპორტის წახალისების მექანიზემები არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი. არ გვაქვს ჩვენ იმის ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვღებულობთ გახლავთ ის, რომ ორშაბათს გვექნება სსფ-ს მისიასთან შეხვედრა და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას, ანუ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რეგიონული განვითარებისა და ინფტასტრუქტურის სამინისტროს კუთხით. ეს არის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ სიტუაციის რაც გაქვს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.