საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ" წერილ-შეთანხმება" განიხილეს.
შეთანხმების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 20 მლნ. ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი გამოუყო, რომლითაც ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაციისა და გალის წყალსაცავსა და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელების პროექტები დაფინანსდება.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სესხის თანხების ჩამორიცხვის ბოლო ვადაა 2014 წლის 15 დეკემბერი. ვინაიდან 2013 წელს სამშენებლო სამუშაოების ტენდერის შედეგები გაუქმდა, პროექტის განმახორციელებელმა შპს „ენგურჰესმა" სესხის თანხების ჩამორიცხვის ვადის გადაწევა ერთი წლით ითხოვა, რაც საპროექტო ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი ფასების წარმოდგენით იყო განპირობებული. შესაბამისად, მოხდა გეგმის გადასინჯვა და ახალი ტენდერების გამოცხადება. გამარჯვებული 2014 წლის მაისში გამოვლინდა. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, რომელიც სარატიფიკაციოდ წერილ-შეთანხმების სახითაა წარმოდგენილი და სესხის თანხების ჩამორიცხვის ვადის გადაწევას 2015 წლის 15 დეკემბრამდე ითვალისწინებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სესხის თანხების ჩამორიცხვის ვადის გადაწევა ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული.
„მთავარია, ეს პროექტი განხორციელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის",- აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს განხილვისთვის "ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილება ნომერი ხუთი" წარუდგინა. ხელშეკრულების მიხედვით, USAID-მა საქართველოს 77,069,599 აშშ. დოლარის გრანტი გამოუყო, ხოლო საქართველოს მხრიდან კონტრიბუცია 24,376,437 აშშ. დოლარს შეადგენდა. ხელმოწერიდან დღემდე, ხელშეკრულებაში 4 ცვლილება შევიდა, რომლებიც აშშ-ის მხრიდან საგრანტო თანხების ზრდას, განსახორციელებელ ღონისძიებებში ახალი კომპონენტების დამატებას და შესაბამისად საქართველოს კონტრიბუციის ზრდას ითვალისწინებდა. წარმოდგენილი, მეხუთე ცვლილებებით, USAID-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ოდენობა 3,098,775 აშშ დოლარით იზრდება და 142,535,376 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს მონაწილეობის თანხა 1,032,925 აშშ დოლარით გაიზრდება და 47,511,792 აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილება როგორც ახალი კომპონენტის დამატებას, ასევე არსებულ მიმდინარე კომპონენტებისათვის თანხების დამატებას ითვალისწინებს. არსებულ კომპონენტებს „სამართლებრივი მომსახურების გაწევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის" და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა" დაემატება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.
მასალის გამოყენების პირობები