მსოფლიო ბანკმა, რომელიც იაპონიის მთავრობის მიერ „იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის" მიერ გამოყოფილ საგრანტო თანხებს განკარგავს და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ" 2,5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნულის ფარგლებში პროექტი „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა" განხორციელდება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობების შემსრულებელმა, იოსებ მელითაურმა და „ელკანა"-ს დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისგან დაკომპლექტებული საზედამხედველო საბჭო, რომლის თავმჯდომარე უწყებადაც მეწარმოების განვითარების სააგენტო დასახელდა, შესაბამისად, სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია განახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს.
საზედამხედველო საბჭოს დაევალა პროექტის საერთო ზედამხედველობის გაწევა, ასევე მისი მიმდინარეობის დროს წამოჭრილი სხვადასხვა საკითხების მოგვარება. საბჭო გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს სათემო პროექტების საგრანტო შერჩევისა და მათი რანჟირების კრიტერიუმების თაობაზე, ამასთანავე ამოწმებს პროგრამის შედეგებს, უმთავრესად დასახული წარმატების კრიტერიუმების შესრულებისა და ფინანსური დახმარების ათვისების პროგრესის მიხედვით.
პროექტის მთავარი მიზანია კახეთის და იმერეთის რეგიონებში, სადაც ტურიზმის განვითარებისა და ურბანული აღორძინების მიზნით მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტები მიმდინარეობს, ღარიბი და მოწყვლადი თემებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი შემოსავლების გაზრდა. შესაბამისად იგი მოიცავს ხუთ ძირითად კომპონენტს:
• ბაზრის, მიკრო-მცირე-საშუალო საწარმოებისა და გენდერის შეფასება ბაზრის შეფასება
• ტექნიკური დახმარება და პოტენციალის ამაღლება
• მმსს-ების მხარდაჭერა (საქმიანი გრანტები)
o საქმიანი გრანტები (~2000 აშშ დოლარი) იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც უნარი შესწევთ დაიწყონ ან გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი/საწარმო
o მხარდაჭერა მმსს-ებისათვის, რათა მათ განამტკიცონ ბიზნესის განვითარების პოტენციალი და შეძლონ კრედიტების აღება ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისგან
• თემის მობილიზება მცირე სამუშაოების განხორციელებისათვის სამიზნე კულტურული მემკვიდრეობის ადგილებზე
• გავლენის შეფასება და პროექტის მართვა
ახალი პროექტი კახეთში და იმერეთში მცხოვრებ 500 ოჯახს, განსაკუთრებით ქალებს, ახალი ბიზნესების დაწყებაში დაეხმარება. პროექტისგან პირდაპირ სარგებელს მიიღებს 2,700 ღარიბი და მოწყვლადი ადამიანი, მათ შორის დევნილები (განსაკუთრებით ისინი, ვინც წყალტუბოში ან მასთან ახლოს ცხოვრობენ). პროექტის ბენეფიციარებს შორის არიან ადგილობრივი მეწარმეებიც, რომლებსაც ბიზნესის დაწყება, საოჯახო საწარმოების გახსნა, ქალების მიერ მართული საწარმოების - მაგალითად ხელნაკეთი ნივთების საწარმოების, საოჯახო ტიპის სასტუმროების, კაფეების/რესტორნების, სუვენირების მაღაზიების და ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა აინტერესებთ.
ადგილობრივი თემის სხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მცირე სათემო სამუშაოებში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო ჩატარდება. დაგეგმილია გზების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, წყალმომარაგების და ქუჩის განათების სისტემებისა და პარკების მოწესრიგება. ეს გრანტი ადგილობრივ ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას დამატებითი საგრანტო დაფინანსებით, საჭირო ცოდნითა და ინფორმაციით უზრუნველჰყოფს.