სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს. კონტროლს დაექვემდებარება როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინო. ინსპექტირება ჩატარდება რესტორნებში, სასადილოებში, ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში; ღვინის ნიმუშები გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ჩატარდება კვლევები ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განხორციელდება კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ღონისძიებები.
ფიზიკური პირი, რომელიც ღვინოს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აწვდის, ვალდებულია დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებლად, რაც ოჯახურ პირობებში წარმოებულ პროდუქტს მიკვლევადს გახდის და მინიმუმამდე შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემოწმებას პერმანენტულად ახორციელებს, თუმცა, მიმდინარე წელს მასშტაბები გაცილებით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, მომხმარებლის დაცვას საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისაგან და ექსპორტის შემთხვევაში, ქართულ ღვინოს ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო ბაზარზე.