სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ექსპორტის წინასწარ მაჩვენებლებთან (იანვრის თვე) დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
„საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოცხადებული მაჩვენებლები არის ექსპორტის წინასწარი მონაცემები. სრული მონაცემები 25 თებერვალს გამოცხადდება და ამის შემდეგ გვექნება დეტალური გაანალიზების საშუალება. ჩვენ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვამზადეთ ანალიზი, რომლის მიხედვით ექსპორტის შემცირება მოხდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის პროცესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ ქვეყნებში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მათთან ვალუტის გაუფასურება დიდ პრობლემას უქმნის საექსპორტო პროდუქციის ბაზარზე განთავსებას. შესაბამისად, ეს მოვლენები აისახა ჩვენს ექსპორტზეც, რადგან რეგიონის ქვეყნებთან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტი ევროკავშირში - ამ ბაზარზე ქართული ექსპორტის 21-პროცენტიანი ზრდაა დაფიქსირებული. „ხაზგასასმელია, მაგალითად, მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე იანვარში შემცირების მიუხედავად, გაზრდილია სხვა ქვეყნების ბაზრებზე. თუ ჩვენ შევადარებთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ყველა იმ ბაზარზე, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა საქართველოს საექსპორტო კუთხით, გაზრდილია მინერალური წყლების ექსპორტი დაახლოებით 5-ჯერ, ღვინის ექსპორტი კი დაახლოებით 3-ჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონის ჩვენზე გავლენის მიუხედავად, ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. ჩვენ ყოველთვის მხარში ვუდგავართ ბიზნესს და მოვუწოდებთ, აითვისონ და თავი დაიმკვიდრონ ამერიკულ, ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ამ ბაზრების წილი მცირეა, მაგრამ მზარდია და მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ზოგადად ექსპორტი 21%-ით და 8.5 მლნ. აშშ დოლარით არის გაზრდილი. ზრდა დაფიქსირდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციებზე, როგორებიცაა:
ü თხილი და კაკალი - გაიზარდა 100% და $9.4 მლნ.-ით. აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც გაიზარდა $6 მლნ.-ით, გერმანიაში $4.4 მლნ.-ით და ესპანეთში $1.1 მლნ.-ით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენები - ზრდამ 54% შეადგინა.
ü ასევე ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში - აღნიშნული პროდუქციის ზრდამ საერთო ჯამში შეადგინა 60% თანაბარი ზრდის წილით. ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე - გაიზარდა 169%-ით.
სამრეწველო პროდუქციიდან ზრდა დაფიქსირდა საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციებზე, როგორებიცაა:
ü ოქრო (32% ით მეტი), მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და $1.1 მლნ.-ით მეტი), და ნედლი ნავთობი (35% და $1.1 მლნ.-ით მეტი).
რაც შეეხება ექსპორტის ზემოთაღნიშნულ კლებას, ის ძირითადად გამოწვეულია რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე ღვინის (65%), სპირტიანი სასმელების (87%), მინერალური წყლებისა და ციტრუსის ექსპორტის კლების ხარჯზე, რისი მიზეზიც ამ ორ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ექსპორტის კლება დაფიქსირდა ასევე ფეროშენადნობებსა და აზოტოვანი და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატებზე.