სავიზო რეგულაციებმა, სადაც იყო გარკვეული ბიუროკრატიული გადაჭარბებები, მცირეოდენი, მაგრამ მაინც ზიანი მიაყენა ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელს, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იანვარში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის შემცირების კომენტირებისას. კვირიკაშვილის განმარტებით, ყველაფერი მაინც
რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებთანაა დაკავშირებული.
„ობიექტური სურათი გახლავთ ისეთი, რომ ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაცია არ გვაქვს. ძირითადი ქვეყნების პირველი სამეული გახლავთ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს თურქეთიდან ვიზიტორების სერიოზული კლება, თუმცა, აბსოლუტურად გულწრფელად უნდა ვთქვა ისიც, რომ სავიზო რეგულაციებმა, სადაც იყო გარკვეული ბიუროკრატიული გადაჭარბებები, მცირეოდენი, მაგრამ მაინც ზიანი მიაყენა ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - უდიდეს წილად ეს არის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანარეკლი",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ძალიან მნიშვნელოვნად მარტივდება ტურისტებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველოში შემოსვლა.
"ცხრა თებერვლიდან ჩაირთო ასევე ელექტრონული ვიზების პორტალი, საიდანაც, ინტერნეტის მეშვეობით, ყველა მსურველს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ფიზიკურად საკონსულოს შენობაში გამოცხადების გარეშე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს საკონსულო. შესაბამისად, მსურველს შეუძლია პირდაპირ, ონლაინ-რეჟიმში გააკეთოს განაცხადი, გადაიხადოს საფასური, ამობეჭდოს ვიზა საკუთარი კომპიუტერის მეშვეობით და გაიაროს სასაზღვრო კონტროლი. ეს არის სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად გააიოლებს ტურისტებისა და ვიზიტორების შემოსვლას საქართველოში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.