დღეიდან 12 თებერვლის ჩათვლით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობენ მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო საკვები და სასმელი პროდუქციის გამოფენაში „Gulfood 2015". გამოფენა ქ.დუბაიში, არაბთა გაერთიანელი საემიროებში იმართება.
გამოფენის მიზანია კონტაქტების დამყარება ადგილობრივ და საერთაშორისო მყიდველებთან. გამოფენაში „Gulfood 2015" 152 ქვეყნიდან 4200-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 77 000-ს აღემატება.
„Gulfood 2015"-ის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებენ წვენების, მინერალური წყლის, წყაროს წყლის, თხილის და ასევე კვების მრეწველობაში მომუშავე ქართული კომპანიები, კერძოდ: „არომა პროდუქტი" (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „კულა" ((ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „კამპა" (ხილის წვენების წარმოება); „საირმე" (მინერალური და წყაროს წყლის წარმოება); „ჯეორჯიან პროდაქთ რენესანსი (თხილი); „აერ კომპანი" (თხილი); „ანკა ფეარ ტრეიდი" (თხილი); „ბარამბო" (შოკოლადის და ტკბილეულის წარმოება).
„აღსანიშნავია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან 2014 წლიდან მოყოლებული, აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა მიმდინარეობს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, ამასთანავე 2014 წლის ნოემბერში ვუმასპინძლეთ არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეიხა ლუბნა ბინტ ხალედ ალ ქასიმის. საქართველოში სტუმრობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ორმხრივი თანამშრომლობის სექტორების გამოვლენა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაცნობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შეიხა ლუბნა ბინტ ხალედ ალ ქასიმის ვიზიტებს მალევე მოჰყვა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში „SIAL MIDDLE EAST 2014", რომელიც გაიმართა ქ. აბუ-დაბიში. აქვე აღსანიშნავია შეხვედრები ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ფონდი, აბუ-დაბის ეკონომიკური განვითარების საბჭო, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტრო, საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო, სურსათის უვნებლობის სამსახური", აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.
„მაქსიმალურად გვინდა გამოვიყენოთ „Gulfood 2015"-ის გამოფენაზე ქართული კომპანიების მონაწილეობა სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის დაგეგმვის კუთხით. შესაბამისად, მონაწილე ქართველი ექსპორტიორებისთვის დაგეგმილია გაცნობითი შეხვედრა დუბაის სავაჭრო პალატაში, რაც შემდგომში კომპანიების წარმომადგენლებს დუბაიში სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარებათ. გამოფენის ფარგლებში, მონაწილეებისთვის ასევე დაგეგმილია შეხვედრები თრეიდერებთან. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ გამოფენაზე მოსულ სტუმრებსა და მყიდველებს დაურიგდებათ ქართული საექსპორტო პროდუქციის კატალოგი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. კატალოგი მოიცავს ინფორმაციას როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების (საკვები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი, ფარმაცევტიკა და ტექსტილი) შესახებ, ისე ქართული ბაზრისა და სექტორების მიმოხილვას", განმარტავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის განმავლობაში მეწარმეობის განვითარების სააგენტო აქტიურად დაეხმარება ქართველ ექსპორტიორებს საკუთარი პროდუქციის წარდგენაში მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებზე.
„Gulfood 2015"-ის გარდა დაგეგმილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის ქართული სტენდის ფარგლებში გაცნობა დამატებით 6 კვებისა და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე: 6-8 მაისი-Sial China 2015, შანხაი, ჩინეთი; 28 ივნისი- NYC Summer Fancy show, ნიუ-იორკი, აშშ; 2-5 სექტემბერი-Riga Food 2015, რიგა, ლატვია; 10-14 ოქტომბერი-Anuga 2015, კიოლნი, გერმანია; 13-15 ოქტომბერი- CPhI Worldwide 2015, მადრიდი, ესპანეთი.
დაგეგმილია ქართული პროდუქციის ნიმუშების გადაგზავნა სხვადასხვა საკვები და სასმელი პროდუქტების პრესტიჟულ კონკურსებზე, ქართული პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო აღიარების მიზნით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 2015 წლის 2-27 მარტს, მეწარმეობის განვითარების სააგენტო კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების სასერტიფიკატო ერთთვიან კურსს.