10 თებერვალს 09:00 საათზე სასატუმრო „ქორთიარდ მაირიოტში" აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaPeReg) ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე ორდღიან კონფერენციას გახსნის.
კონფერენეციაზე განხილული იქნება ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ამ მიმართულების ევროპის გამოცდილება, ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტებთან დაშვების ევროპული რეგულაცია, ასევე ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორების ვალდებულებები და მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები. დამსწრე საზოგადოება რუმინეთის მაგალითზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების გამოვლენის ევროპულ პრაქტიკას გაეცნობა და ამ კომპანიებზე სპეციფიური ვალდებულებების, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვის, გამჭვირვალობის და დაშვების ვალდებულების დაკისრების მეთოდოლოგიას გაეცნობა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელი (EaPeReg Network) ექვს ქვეყანას საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, უკრაინას და მოლდოვას აერთიანებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPeReg Network-ის თავმჯომარედ 2014 წლის დეკემბერში გახდა და ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქსელს, ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარეობის მოვალეობა, წესდების შესაბამისად, ევროგაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება - ამჯერად შვედეთის მარეგულირებელ ორგანოს.
გარდა EaPeReg Network-ის წევრი ქვეყნებისა ორდღიან კონფერენციაზე დასასწრებად და ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში ევროპული პრაქტიკის გასაზიარებლად საქართველოს შვედეთის, გერმანიის, პორტუგალიის, პოლონეთის, რუმინეთის და ლიტვის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელის ორგანოების წარმომადგენლები ეწვივნენ.
EaPeReg Network ევრო კომისიის დაფინანასებით წევრ ქვეყნებს დახმარებას უწევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარებაში.