9 თებერვალს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან მიმართებაში. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა ხელმძღვნელმა მერი დაუშვილმა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ციკოლიამ.
მემორანდუმის თანახმად, საქსტატი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სამსახურის ინტერესების სფეროში შემავალი სტატისტიკური პროდუქტებით უზრუნველყოფს. სააგენტო კი, თავის მხრივ საქსტატს მიაწვდის ბენეფიციართა ბაზას და უზრუნველყოფს პარტნიორ საწარმოებში საქსტატის პროდუქტებსა და სერვისებზე ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მხარეთა ინტერესებში შემავალ საკითხებს განიხილავს.
საქსტატთან მემორენდუმის გაფორმება ასევე პასუხობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 3-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ბიზნესაქტივობების წამოწყების მხარდაჭერა და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერება, შემდგომში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები