საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომისიაში ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ტარიფის შესაძლო ცვლილებაზე განაცხადი შესული არ არის. კომისიის ინფორმაციით, თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფის ცვლილება ცალსახად არ გამოიწვევს და არ ნიშნავს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა იურიდიული პირებისათვის (კომერციული სექტორი) დერეგულირებულია, ანუ არ ექვემდებარება კომისიის რეგულირებას, შესაბამისად კომისიის რეგულირებაში შედის ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების დადგენა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ტარიფის შესაძლო ცვლილებას, კომისია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომისიაში სატარიფო განაცხადი არ არის შემოსული. ამასთანავე, თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფის ცვლილება ცალსახად არ გამოიწვევს და არ ნიშნავს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას. საყოფაცხოვრებო ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან. ტარიფის გაანგარიშებისას შესაძლებელია მისი რომელიმე კომპონენტის ცვლილება, რაც ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას", - განმარტებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.