DCFTA-ის ამოქმედება, მოკლევადიან პერიოდში, ქვეყნის მშპ-ს 1.7%-ით ზრდას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში 4.3%-ით ზრდას გამოიწვევს. აღნიშნულის შესახებ საუბარია ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში - "DCFTA შესაძლებლობები და გამოწვევები ქართული ბიზნესისთვის". პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მონაცემები, 2012 წლის ნოემბერში, ეკორისის და კეისის კვლევას ეფუძნება.
ირკვევა, რომ DCFTA-ის ამოქმედებით მოკლევადიან პერიოდში ექსპორტი 9%-ით გაიზრდება, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კი 12 %-ით.
წინასწარი გათვლებითვე, DCFTA-ს მეშვეობით მოკლევადიან პერიოდში, სამომხმარებლო ფასები 1%-ით გაიზრდება, გრძელვადიან პერიოდში კი მხოლოდ 0.6%-ით.
აღსანიშნავია, რომ DCFTA 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და ის საქართველოს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან შემდეგი სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება.
საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისგან განსხვავებით, DCFTA როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხხმობს. გარდა ამისა, DCFTA საქართველოს ვაჭრობას- თან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო დაახლოების შედეგად შესაძლებელი გახდება არასატარიფო ბარიერების გადალახვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად ზღუდავს ვაჭრობას, ვიდრე ტარიფები.
DCFTA-ის ამოქმედებით საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნება, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, რაც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებ-
ლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების ევროპული, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარებას. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ „DCFTA შესაძლებლობები და გამოწვევები ქართული ბიზნესისთვის" ინიცირებული და დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო თავად ტექსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერაა მომზადებული.