საქართველოში წლიურმა ინფლაციამ, 2015 წლის იანვარში 1,4% შეადგინა, რაც 14 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „საქსტატის" მონაცემებით, თვიური ინფლაციის დონე 2015 წლის იანვარში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით 0,2%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა.
"საქსტატის" მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,75 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,8 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (20,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,6 პროცენტი), თევზეული (3,1 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4,6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9,3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,3 პროცენტი).