30 იანვარს კიევში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეხვედრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსთან.
შეხვედრამ კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში ჩაიარა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები. აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე იქნება დასახული კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება საქართველო-უკრაინას შორის უმნიშვნელოვანესი სტარტეგიული ურთიერთობათა წახალისება.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს გამოცდილებაზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხზე და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გადადგმული.