საქართველო კიდევ ორ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის 2014 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით საქართველო მიუერთდა "გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის საერთაშორისო კონვენციას"(BWM) და "მოძრავი სატელიტური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ კონვენციას"(IMSO).
IMSO-ს კონვენციასთან მიერთებით საქართველო გახდა საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის მე-100 წევრი სახელმწიფო. ორგანიზაცია საკუთარი მანდატის ფარგლებში პასუხისმგებელია გლობალური საზღვაო კავშირის სისტემასთან (GMDSS) დაკავშირებით IMO-ს მოთხოვნების შესრულებაზე. ასევე, ის არის IMO-ს მიერ დანიშნული გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირებისა და კვალის დადგენის სისტემის LRIT - ს საერთაშორისო კოორდინატორი.
საქართველო გახდა 44-ე საზღვაო სახელმწიფო, რომელიც მიუერთდა BWM კონვენციას თუმცა მის ძალაში შესასვლელად აუცილებელია მსოფლიო ტონაჟის 2.43% მქონე სახელმწიფოების მიერთებაც.
აღნიშნული კონვენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია შავ ზღვაზე გარემოსდაცვითი სტანდარტის ასამაღლებლად.
მიმდინარე წლის 12 იანვარს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციამ, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო მიერთების სიგელების დეპონირების ცერემონიალში ქ. ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში (IMO).
ცერემონიას ესწრებოდა IMO-ს გენერალური მდივანი, ბ-ნი კოჯი სეკიმიცუ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში - მისი აღმატებულება რევაზ გაჩეჩილაძე, IMSO-ს გენერალური დირექტორი, კაპიტანი ესტებან პაჩა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, კაპიტანი მამუკა ახალაძე და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ქალბატონი თამარ იოსელიანი.
აღნიშნულ კონვენციებზე მიერთება და IMSO-ში გაწევრიანება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს იმიჯის ამაღლებისთვის და ემსახურება იმ რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო სფეროში.