დღეს, 21 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი.
„მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს.
წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია ექსპერტის დასკვნაში, რომელიც დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს.
ექსპერტმა შეისწავლა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეო ფაილები.
კერძოდ, ცნობილი სილის გაწვნის ვიდეო, რომელშიც ჩანს, მარცხენა ხელით როგორ აწნის მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს სილას, სილის გაწვნიდან არასრულ ერთ წუთში ირაკლი დგებუაძის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ.
„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს“ – ეს იყო საკითხი, რომელზეც ექიმმა-ნევროლოგმა თავისი ექსპერტული დასკვნა წარმოადგინა.
„ჩემთვის წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ ამ მასალაში მოცემული არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური, ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება,“ – ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ექსპერტმა გასცა.
წყარო "ბათუმელები".