აფხაზეთში მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდდომაზე იმსჯელებენ. დღეს, 11 ნოემბერს, 12:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა გაფართოებულ ფორმატში განპირობებულია პრობლემის აქტუალობით.
უკანასკნელი წლების მანძილზე, მიზეზთა გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა. შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია - მონასტრების პირველადი სახის უკანონო ხელყოფის გამო. განხილვის მიზანია პრობლემის აქტუალიზაცია, საერთაშორისო ძალისხმევითა და აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობით აფხაზეთში მიმდინარე მატერიალური კულტურის ძეგლების უკანონო ხელყოფის პროცესის შეჩერება, ძეგლების პირველადი იერსახის შენარჩუნება.
სხდომის მუშაობაში მოწვეულნი არიან საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი სტრუქტურების, პრობლემაზე მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.