პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დებატები ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ფორმატი ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, თუმცა სავარაუდოდ, 14 ნოემბერს პრეზიდენტი პარლამენტს მხოლოდ სიტყვით მიმართავს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლა იგეგმება.
ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს პარასკევს, 14 ნოემბერს, 12:00 საათზე მიმართავს.