„ინდეფენდენტი" სტატიაში, რომლის ავტორია პიტერ პოპჰემი, საუბარია რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების პრობლემებზე, კრემლის მხარდაჭერაზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სეპარატისტული რეგიონის მიმართ. პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე საქართველოში მომხდარ მოვლენებსაც.
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდს:
ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ლუგანსკსა და დონეცკში კვირას ჩატარებული არჩევნები აღიარა, არის პატარა, ციცქნა სამხრეთ ოსეთი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. ეს ტერიტორია იყო 2008 წელს მომხდარი ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი ომის ეპიცენტრი იყო, რის შემდეგაც საქართველომ სამხრეთ ოსეთი დაკარგა. დღეს საქართველოში, რომელსაც მოსკოვი „ახლო საზღვარგარეთს" მიაკუთვნებს, პოლიტიკური დაძაბულობა იგრძნობა იმ მიზეზით, რომ მმართველი კოალიციიდან პროდასავლური ორიენტაციის მინისტრები გავიდნენ, მათ შორის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის ჩათვლით.
მასობრივი გადადგომა თავდაცვის სამინისტროში დაწყებულმა კორუფციის ფაქტის გამოძიებამ გამოიწვია - მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც იმავდროულად მმართველი კოალიციის წევრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერია, თან თავისი თანამოაზრეები გაიყოლია, მანამდე კი განაცხადა, რომ გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ბოლოს მომხდარი „ვარდების რევოლუციის" შედეგად მოვიდა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისათვუის ბევრი რამ გააკეთა, ამ დღეებში გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა კიდევ ერთხელ ჩავარდეს რუსეთის კლანჭებში. როგორც მან ამერიკული საქმიანი ჟურნალის „ფორბს"-ისადმი მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს მკაფიო გეგმა და ამას იგი არც მალავს: საბჭოთა კავშირის აღდგენა ახალი ფორმით და რუსეთის ახლოს მდებარე ტერიტორიების მიერთება".
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი დღე და ღამე მუშაობდა და მუშაობს საქართველოს დესტაბილიზებისათვის, „თუმცა ამას საქართველოს მთავრობა აშკარად არ აცხადებდა, რათა ინვესტიციების მოზიდვის პროცესს ხელი არ შეშლოდა".
ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ნიუ-იორკში „ნებაყოფლობით დევნილობაში" ცხოვრობს საქართველოს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ და რომელზეც დაპატიმრების სანქციაა გაცემული „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო", აცხადებს, რომ მისი ქვეყანა დღეს მილიარდერ-ოლიგარქის ხელში იმყოფება, რომელიც 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და დღეს 108 ათას კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე, თბილისთან, მთაზე არსებულ სასახლეში ცხოვრობს.
მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, „ბიძინა ივანიშვილი მას იმიტომ დევნის, იმიტომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ ოლიგარქს პუტინის წინაშე პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს აღებული. რა თქმა უნდა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რაც [პუტინს] სურს... იგი რუსების დიდი მხარდამჭერია".
თუმცა როგორც საქართველოს საკითხების მცოდნე, ლონდონის დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტის „ჩეთემ ჰაუზის" ექსპერტი ნილ მაკფარლეინი ამბობს, მიხეილ სააკასვილს არაფერი არ წარმოუდგენია იმის დასამტკიცებლად, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართლაც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს. ექსპერტი „ინდეფენდენტ"-თან საუბარში ასევე უარყოფს იმ აზრს, რომ საქართველოს მთავრობიდან პროდასავლელი მინისტრების გადადგომა ქვეყნის პროევროპული კურსის დასუსტებასა და პრორუსულის გაძლიერებას ნიშნავს. „ეს ყველაფერი შიდაპოლიტიკური მომენტებთანაა დაკავშირებული... მმართველი კოალიცია სხვადასხვა ინტერესების, ხედვების და კონკურირებადი თვალსაზრისების მქონე პარტიებისაგან შედგება. მიკვირს, დრემდე როგორ ინარჩუნებდა ერთიანობას... საერთოდ, პარლამენტში საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდაჭერა ერთსულოვანია. ეს ამბები ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს. კარგია, რომ საქმე სისხლისღვრამდე არ მივიდა. ცხადია, ჯობდა ასე არ მომხდარიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება ხოლმე ასე არატოტალიტარული რეჟიმების დროს".
კავკასიის რეგიონის მყიფე სტაბილურობის გათვალისწინებით, ნილ მაკფარლეინი ამბობს: „რასაკვირველია, საქართველოს ეს [პოლიტიკური კრიზისი] არ სწირდებოდა... ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები... ერთი რამ ნამდვილად არ უნდა გავაკეთოთ: ხელების ქნევა და იმის ყვირილი, რომ ქართველები რუსების მარიონეტები არიან. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას".