მთავრობაში ცალკეული პირები და პოლიტიკური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური კურსისადმი უცვლელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მთავრობის მეთაურმა უცხოელ დიპლომატებს ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია და ის არა მხოლოდ მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, არამედ ქართველი ხალხის ნებაა.
პრემიერის განმარტებით, საუბარია მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელსაც ქვეყნის საგარეო კურსზე არავითარი გავლენა არ ექნება.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრის, მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის საკითხებში ახალი მინისტრები უახლოეს დღეებში დასახელდებიან. პრემიერი დარწმუნებულია, ისინი დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებენ.
„ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ხოლო პოლიტიკური ატმოსფერო უფრო პლურალისტული, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ. ყველა პიროვნებასა თუ ჯგუფს აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე პოლიტიკური პარტიის შექმნის, არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენელთა არჩევის უფლება. ჩემი მთავრობა და კოალიცია „ქართული ოცნება" ამ ღირებულებების ერთგულია და უზრუნველყოფს დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მყარი საძირკველის ფორმირებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. „მქონდა იმედი, რომ „თავისუფალი დემოკრატები" დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. იმედს ვიტოვებ, როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებსაც გამოძიება სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და პოტენციური კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომელ მინისტრს ან სტრუქტურას შეიძლება ეხებოდეს, დათმობა არ მოხდება.
"ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. მე პირადად ვხედავ ევროატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს. იმედი მაქვს, გესმით, რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში", - მიმართა პრემიერმა დიპლომატებს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო, რომლებმაც შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები