აფხაზეთის, საქართველოს და ყირიმის, უკრაინის პრობლემატიკა ერთდროულად და თანაბრად უნდა მოექცეს საერთაშორისო პოლიტიკური პროცესის ცენტრში, თუმცა ასეთი საკითხების გაძღოლას დისკრედიტებული მოხელეები და გამრუდებული პოლიტიკის მსახურნი უნდა ჩამოშორდნენ, - ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათათბიროს განცხადებაშია აღნიშნული.
უმცირესობის თქმით, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ კომპეტენტური და ეფექტური ნაბიჯებით შეიძლება.
"იმ ვითარებაში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა, არ არის ურთიერთბრალდებების და სამკვდრო-სასიციცხლო დაპირიპირების დრო. ბოლოს და ბოლოს, ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ძალას, ყველა პატრიოტს, ვიწრო ინტერესების მიღმა უნდა შეეძლოს საქართველოს უმთავრესი სატკივარის - ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისგან გადარჩენის ამოცანისთვის ერთიანი ძალისხმევის გეგმაზომიერი და ეფექტური პროცესის წარმართვა. დაგვიანებული და პოლიტიკურად უსუსური ნაბიჯები ვერ გვიშველის", - აღნიშნავენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
უმცირესობის განცახდებით, „კარასინ- აბაშიძის"პრაღის შეხვედრები სრულიად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, ხოლო ჟენევის მნიშვნელოვანი ფორმატი დაკნინდა, რითაც არაღიარების და საქართველოს დეოკუპაციის აქტიური პოლიტიკა ფაქტობრივად ჩაკვდა.
"ნაციონალური მოძრაობა" ასევე, მოითხოვს, მოხდეს სასწრაფო რეაგირება ,ე.წ. დაღესტნური გზის წინააღმდეგ.
"სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება ახალი, ე.წ. დაღესტნური გზის წინააღმდეგ. საქართველოში არ არსებობს რუსეთიდან რამე გზა, რომელიც არ ყოფილიყოს გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. მტრისგან მომავალი გზები - სამხედრო გზა, აფხაზეთის რკინიგზა, როკის გვირაბი - სხვადასხვა დროს რუსეთმა გამოიყენა საქართველოზე სამხედრო თავდასხმისთვის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეა უკვე ორ საუკუნეზე მეტი. ახალი გზა საქართველოს და აზერბაიჯანის საწინააღმდეგო გზაა, სატრანზიტო ფუნქციის დასამარების გზაა. 90-იანი წლების ბოლოს ყბადაღებული ეკონომიკური სარგებლიანობით გამართლებული კავკასიის გამჭოლი რკინიგზის ბედი ქართველმა სტუდენტებმა და ინტელექტუალებმა შეაჩერეს. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მისი არსებობის შემთხვევაში დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ასეთი საფრთხის შემცველი პროექტები მეტ დაფიქრებას და კომპეტენციას მოითხოვს.
სამაგიეროდ,მთავრობის ქმედებებით შეფერხდა საქართველოსათვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი აზია-ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო არტერიის მშენებლობის და ფუნქციონირების დაწყების პროცესი, რაც ისევ რუსეთს აძლევს ხელს.
ასევე, აზრს კარგავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდით მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც, თუნდაც ირიბი გზით ფსოუზე ტვირთების ტრანზიტის კონტროლის საშუალებას იძლევა. ეს მექანიზმიც საერთოდ არ გააქტიურებულა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ამავდროულად,, სახეზეა სარისკო ტენდენცია ქართული ნაწარმის დიდი წილის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებისა", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" სათათბიროს განცხადებაში.