პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადად მზადაა დღესვე უმასპინძლოს გიორგი მარგველაშვილს, თუმცა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის, მთავრობის წევრების გამოსვლას კანონი არეგულირებს.
"მე პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ დღესვე ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის შენობაში და ვისაუბროთ ამ თემაზე. რაც შეეხება პარლამენტს, პლენარულს სხდომას აქ კონსტიტუციითა და კანონით დადგენილია კონკრეტული პროცედურები და მექანიზმები და ვისურვებდი, რომ სწორედ ამ პროცედურების მიხედვით მოხდეს ყველა შემოთავაზებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. ალბათ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უფრო, დეტალურად გაგვაცნობს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის შენობაში მოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლია, რაც შეხება პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის, თუ მთავრობის წევრის გამოსვლას კანონითაა დარეგულირებული და ეს არაა ჩვენს ნებასურვილზე დამოკიდებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდა, მომდევნო სხდომაზე მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის განხილვა. მარგველაშვილმა ასევე მიმართა პარლამენტს და დღის წესრიგში მისი საგანგებო მიმართვის გათვალისწინება მოითხოვა.
,,ჩვენ ქართველი პოლიტიკოსები ვართ ბედნიერი რომ ვემსახურებით ისეთ ერს , რომელსაც გააჩნია მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში, ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს - საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-სთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი.
აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.