საქართველოში მყოფ ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დროებითი შეღავათიანი რეჟიმი დგინდება.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის მიზნით განაცხადის წარდგენისას, უცხოელი, რომელზეც წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებამდე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის ოფიციალურად გამოქვეყნების - 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 მარტამდე გათავისუფლდება ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან. ამასთანავე, დგინდება ასეთი კატეგორიის უცხოელთა საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე.
ამისთვის, უცხოელმა შესაბამისი განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა უნდა მიმართოს. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ტრანზიტული ვიზა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას, პირი საქართველოს ტერიტორიაზე, არსებული 5 დღიანი ვადის ნაცვლად, 10 დღის განმავლობაში გაჩერდება.
„პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული ლიბერალური რეჟიმი მეტ-ნაკლებად იყოს შენარჩუნებული და შესაბამისად, ეს ცვლილებები ამითაა განპირობებული",- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა.
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ცვლილებები შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემისთვის უცხოელმა არა საკონსულო მოსაკრებელი, არამედ - სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს.