„თავისუფალი საქართველო" განცვხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისა. სოლიდარობას უცხადებს თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს, სოლიდარობას უცხადებს „თავისუფალ დემოკრატებს" და სოლიდარობას უცხადებს ირაკლი ალასანიას.
"კალეიდოსკოპიური სისწრაფით განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ხილული გახადა. „თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს მიერ 3 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში მივუთითებდით, რომ ვითარება ძალზე ჰგავს 2007 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პროკურატურა სწორედ იმ დროს დაინტერესდა თავდაცვის უწყებაში დარღვევებით, როცა მაშინდელმა მინისტრმა განაცხადა, რომ აპირებდა პოლიტიკური პარტიის შექმნას.
ანალოგიური მოხდა დღესაც, როდესაც უკვე დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა პოლიტიკურ პოსტზე დაბრუნება და პარტიის ყრილობა 8 ნოემბერს მოიწვია. პროკურატურა სწორედ დღეს „დაინტერესდა დარღვევებით" და „ოცნების" ხელისუფლებამ პროკურატურა და პოლიცია პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენა.
პოლიტიკური დევნის შედეგად ირაკლი ალასანია გადაყენებულია თანამდებობიდან, ალექსი პეტრიაშვილი თავად გადადგა, ორი მინისტრის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული, ხოლო საპარლამენტო ფრაქცია ფაქტობრივად კოალიციის შემადგენლობაში აღარ არის. რაც უნდა იძახოს ღარიბაშვილმა, რომ ეს არის კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა და მეტი არაფერი, რეალურად ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ცოტა ხანში კოალიციის სხვა წევრებსაც გადაედება და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.
სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს, სოლიდარობას ვუცხადებთ „თავისუფალ დემოკრატებს", სოლიდარობას ვუცხადებთ ირაკლი ალასანიას.
იმავდროულად კვლავაც მკაცრად ვაპროტესტებთ იმ დანაშაულებრივ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რომელიც ქვეყნის კულუარებიდან მართვას ეხება. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს კულუარებიდან. საქართველოს სახელმწიფო არ არის მარიონეტების თეატრი „კონკასთან". ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს და რაც შეიძლება მალე.
ასევე ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა დემოკრატიულ ძალასთან ერთად დავიწყოთ პროცესი, რომელიც შეცვლის არა უბრალოდ სახელისუფლებო გუნდს, არამედ მანკიერ სისტემას, რომელსაც ყველა ხელისუფლება უცვლელად ინარჩუნებს და საკუთარი ბოროტი ზრახვების განხორციელებისათვის იყენებს", - ნათქვამია განცხადებაში.