თუ რაიმე ხარვეზი არსებობს უნდა გამოსწორდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე,თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმის კომენტირებისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერის განცაცხდებით, მაღალჩინოსნებისნ დაკავების საქმეს პოლიტიკური შეფასება არ უნდა მიეცეს.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის დაკავება მტკივნეულია, მაგრამ მე არ მინდა პოლიტიკური განცხადებები წინასწარ გავაკეთო. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. თუ რაიმე ხარვეზი არსებობს უნდა გამოსწორდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრიფის მოოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.