პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონს ვეტო დაადო. შესაბამისად შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს", რომლის მიხედვითაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროექტის დამტკიცების ვადა გადაიწია, დეპუტატებმა გუშინ უყარეს კენჭი და მას 65 მომხრე და 31 მოწინააღმდეგე ჰყავდა. მოწინააღმდეგეებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, "ქართული ოცნება - თავისუფალი დემორკატების" 9 წევრიც იყო და მათთან ერთად მურმან დუმბაძეც.
პარლამენტმა აგვისტოში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა - ე.წ. გასაღები.
აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინ მიღებული კანონის თანახმად ამ ვადამ გადაიწია.