30 ოქტომბერს საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ არარეზიდენტი ელჩები. ვიზიტის ფარგლებში ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს, დავით ჯალაღანიასა და თამარ ბერუჩაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს. გაიმართა მინისტრის მოადგილეების ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
დღის ბოლოს ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მიიღო. 31 ოქტომბერს ელჩები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადასცემენ რწმუნებათა სიგელებს.
არარეზიდენტი ელჩებისთვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ანსამბლ „რუსთავის" კონცერტს დაესწრებიან.
რწმუნებათა სიგელების გადასაცემად საქართველოს ესტუმრნენ ელჩები ტაილანდის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი), ქუვეითის სახელმწიფოდან (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი), არგენტინის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. კიევი), პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ბაქო), პერუს რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), მონღოლეთიდან (რეზიდენციით ქ. ასტანა), ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ახალი ზელანდიიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ნორვეგიის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ესპანეთის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), სლოვენიის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. კიევი) და ზამბიის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა).
მასალის გამოყენების პირობები