თავდავისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნას ითხოვს.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში გადაიხადა ქვეყანამ მილიონობით ლარი.
"ჩვენ 2012 წლიდან დღემდე, ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი გვაქვს 3 100 000 ლარი, საიდანაც საშემოსავლოს სახით ბიუჯეტს დაახლოებით, მილიონი უკან დაუბრუნდა. თავისთავად ცხადია, საზოგადოებას აინტერესებს 5 წლის მანძილზე წინა ხელისუფლებამ 100 მილიონი ლარი რაში გადაიხადა. ეს ემსახურებოდა ქვეყნის თუ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომ, მე მივმართე ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას შესაბამის ხელშეკრულებებს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად მიდიოდა ეს ფული", - განაცხადა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილს უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა. მისი თქმით, ეს თანხა ქვეყნის რეკლამირებას ხმარდებოდა.