საქართველო-ბელგიის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკიმ შეხვედრისას. მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების თემაზე გაამახვილეს.
რატიფიცირება ბელგიაში ხანგრძლივი პროცესია, რადგან ეს საკითხი ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას სხვადასხვა რეგიონულ პარლამენტებში განხილვის შემდგომ გადაეცემა. შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობებისა და კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას შეეხო, რადგან აღინიშნა, რომ ბიზნეს ურთიერთობებში ბელგია არ არის ისე წარმოდგენილი როგორც სხვა ქვეყნები. საქართველოში მიმდინარე საკითხებზე მსჯელობისას, ზიგფრიდ ბრაკი გაგებით მოეკიდა საქართველოს პრეზიდენტის ბელგიაში ვერ ჩასვლის მიზეზს და იქვე მადლიერება გამოთქვა ქართველი კოლეგის ბელგიაში სტუმრობის და I მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ბელგია თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია, ამიტომ მისი პოზიცია ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ბელგია მალე ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარესთან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბარი, ასევე, შეეხო აფხაზეთის მიმართულებით განვითარებულ სიახლეებს, რაც, ერთის მხრივ, რუსეთის გეგმის ლოგიკური ჯაჭვია, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოც და ევროპაც მზად უნდა შეხვდნენ ასეთ და შესაძლოა კიდევ უფრო რთულ გამოწვევებს. ჩვენ ბელგიის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა და ეს ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამოკვეთილი და ძალიან ეფექტური იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.
შეხვედრის დასასრულს დავით უსუფაშვილმა ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.