ბრიუსელში ვიზიტად მყოფი პარლამენეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა ორგანომ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს იმ საფრთხეების წინაშე რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
,,ეროვნული უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო რომელმაც თავისი ფუნქციების შესასრულებლად უნდა იმუშაოს. Aამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა. Dდარწმუნებული ვარ, კოლეგები იმსჯელებენ შექმნილ ვითარებაზე და ყველა ორგანო პარლამენტი, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, კოორდინირებულად და მწყობრი ნაბიჯებით უნდა გაუმკლავდეთ იმ საფრთხეებს რაც ქვეყნის წინაშე არის", _განაცხადა უსუფაშვილმა.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობას, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ასევე პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებიან, რომლებიც საბჭოს სხდომაზე სპეციალურად მიიწვიეს.
სხდომაზე ერთადერთი განსახილველი საკითხი რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტია, რომელსაც კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ხელმოსაწერად სთავაზობს.
სხდომაზე მომხსენებლის რანგში წარდგება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ახალი რეალობის ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობის დაცვაზე ილაპარაკებს.
ავლაბრის რეზიდენციაში არ იმყოფება უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი რამდენიმე მინისტრი. მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელები, ასევე ფინანსთა მინისტრი.
სხდომა პრეზიდენტმა გასულ კვირას მოიწვია.