დღეს, 27 ოქტომბერს, პარლამენტში გაიმართება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა დღის წესრიგით: „აფხაზეთში მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის შესახებ".
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა გაფართოებულ ფორმატში განპირობებულია პრობლემის აქტუალობით.
უკანასკნელი წლების მანძილზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას, არასწორი მოპყრობისა თუ ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა.
შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია - მონასტრების პირველადი სახის ხელყოფის გამო.
სხდომის მუშაობაში მიწვეულნი არიან საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი სტრუქტურების, პრობლემაზე მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.