საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიას ესტუმრა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პორტუგალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ჯგუფის წევრები-საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან ქარდავა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან ტერეზა კაეიროსთან, პორტუგალიის პარლამენტში შექმნილ პორტუგალია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ჯანდაცვის კომიტეტის პრეზიდენტთან მარია სანტოშთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან სერჟიო პინტოსთან, სოციალურ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტთან ჟოზე კანავარუსთან. საქართველოს პარლამენტის საფინანსო, საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის შეხვედრა საბიუჯეტო, საფინანსო კომიტეტის პრეზიდენტთან ედუარდო კაბრიტასთან.
მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაცია ასევე ესტუმრა პორტუგალიის ქალაქ მაფრას, სადაც გაიმართა შეხვედრა მაფრას მერთან, პორტუგალია- საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ყოფილ ხელმძღვანელთან ელდერ სილვასათან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქ. მაფრასა და ქ. მცხეთას შორის შესაძლო დაძმობილების საკითხი.
პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის ურთიერთობებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების განვითარების საკითხები, საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, საკანონმდებლო ორგანოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სექტორში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე.
დელეგაციის წევრებმა პორტუგალიელ კოლეგებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია აფხაზეთის საოკუპაციო რეჯიმისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული შეთანხმების თაობაზე. ხაზი გაესვა ამ თემაზე, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. განხილულ იქნა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, ამასთან, ხაზი გაესვა პორტუგალიის პარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაციის მნიშვნელობას.
გამართულ შეხვედრებზე პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. ასევე გამოთქვეს მზაობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი სამუშაო ვიზიტი პორტუგალიაში. პორტუგალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საპასუხო ვიზიტით საქართველოს უახლოეს ხანში ესტუმრება.