იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ აკაკი მინაშვილთან დაკავშირებულ ქმედებაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მკაცრ განცხადებას ელოდება. როგორც საკითხის კომენტირებისას მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა არის თუ არა მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ტექსტში, რომელიც შესწავლას საჭიროებს.
,,თვითონ ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, არის ძალიან სავალალო. მე, ამ მხრივ ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც დაამტკიცებდა იმას, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლეებზე საუბრობენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა თვდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩი ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, რის შემდეგ დეპუტატმა სოციალურ ქსელში
გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ - "ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!", - ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!" , - განაცხადა მინაშვილმა.