საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ნავთლუღის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.
პრემიერის შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რომელსაც სამი უდანაშაულო ახალგაზრდის ჩაცხრილვა მოჰყვა.
„ეს იყო სისასტიკე, რომელიც გამოვლინდა იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ა.შ. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სტრესს და ქაოსს თესენ საზოგადოებაში - ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას ანგრევდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა არის დრო, გავარკვიოთ, პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი ოპონენტები, თუ რჩებიან ამავე პოზიციაზე. თუ რჩებიან ამ მწამებლების და მკვლელების დამცველებად, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაცხადოთ, რომ ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ გვექნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება ამავე საქმეში სხვა ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს 11 წლიანი ხოლო მეგის ქარდავას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებოდათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომლის საქმე ცალკეა გამოყოფილი და მასაც ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.