საქართველო ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა. უპრეცედენტო შეთანხმებას ხელი ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.
საქართველო ნატოს პირველი არაწევრი პარტნიორი - კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა'' ჩაერთვება, რომელსაც ვილნიუსში მდებარე ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება. NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა. ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრი 2012 წლის 10 ივლისს დაარსდა, ის ოფიციალურად 2013 წლის 6 სექტემბერს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ლიტვის პრეზიდენტმა გახსნეს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პირველი გაფართოება ნატოს არაწევრი ქვეყნით, საქართველოთი დაიწყო. გაფართოების პროცესს 2014 წელს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი დამაარსებელი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი დაასრულებს.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთელი ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებშია დაგროვილი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდება „დელტას" სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. ასევე „დელტას" პოტენციალი ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის. „ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოვლენაა, რათა გაძლიერდეს საქართველოს თანდათანობითი ინტეგრაცია ამ მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სამხედრო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის ამ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები