დღეს, 1-ელ ოქტომბერს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში იმსჯელებენ. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადა 22 ოქტომბრამდე აქვთ.
ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტები სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი წარადგინა.
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება 2015 წლის განმავლობაში მისაღები შემოსავლებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები და იგი გუშინვე პარლამენტს წარედგინა.
ისევე, როგორც 2013-2014 წლების ბიუჯეტები, 2015 წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" შესრულებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია სოციალურ და ეკონომიკის წამახალისებელ პროგრამებზე ორიენტაცია, რაც აისახება შესაბამისი სამინისტროების ასიგნებებში.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტი არის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი და მის გადამუშავებაზე ოქტომბრის განმავლობაში აქტიური მუშაობა გაგრძელდება როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად და საბოლოო პროექტში, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მაქსიმალურად დაფინანსდება ის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლის პროგნოზები. მიმდინარე წელს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად არის წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართულ მასალებში (2014 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა). მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,8 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის მისი პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,6 მლრდ ლარამდე.
მაკროეკონომიკური პარამეტრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული შეთანხმების მიხედვით, 2015 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი არ უნდა იყოს მშპ-ს 3,0%-ზე მაღალი (GFSM-1986 მიხედვით) და სწორედ აღნიშნული მაჩვენებლის ფარგლებშია წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტი. მომდევნო წლებში დაგეგმილია საბიუჯეტო დეფიციტის კლებადი ტენდენციის შენარჩუნება და მისი მოცულობა 2018 წლისთვის არ გადააჭარბებს მშპ-ს 2,0%-ს.არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით 2015 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 7 890.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 24,8%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისაქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 930.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 460.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.5%-ს შეადგენს.