თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი შ.პ.ს. ,,ყაზტრანსგაზის''ხელმძღვანელობას საკრებულოში იბარებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ბუნებრივი აირის გადასახადის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას ათობით ადამიანმა მიმართა და დახმარება სთხოვა.
"ყაზტრანსგაზმა გაუაზრებელი და აბსოლუტურად აუხსნელი განმარტება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიდა მოსახლეობასთან გაორმაგებული გადასახადი. მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებული ვარ მოსახლეობას დაუდგე გვერდში და დეტალურად გავერკვიო სიტუაციაში. მაინტერესებს, რატომ ხდება ეს გაუგებრობები მაინცდამაინც ზამთარში, როცა გაზის მოხმარება საკმაოდ დიდია და მოსახლეობას ისედაც დიდი გადასახადის გადახდა უწევს",- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ქვითრებში ასახულია თვენახევრის ან ორი თვის ხარჯი, რაც მათ ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს.
გიორგი მუსხელიშვილმა შ.პ.ს. "ყაზტრანსგაზ-თბილისს" ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა და კომპანიის ხელმძღვანელობა პრობლემის გადასაჭრელად საკრებულოში ხვალ დაიბარა.