27 იანვარს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოფენა "თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური" გაიხსნება. 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: აკადემიის სათაო შენობის ფოტომატიანე.  XIX საუკუნის 70-80 - იან წლებში გადაღებული ფოტოები;  XX საუკუნის სხვადასხვა წლებში გადაღებული შენობისა თუ მისი ცალკეული ელემენტების ამსახველი ფოტოები; ფოტომატიანეს დაასრულებს შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის 2009/13 წლებში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება მდგომარეობა უარესობისაკენ.
ფოტომატიანის ერთ საინტერესო ნაწილს შეადგენს XIX საუკუნის ბოლო ოცწლეულსა და XX საუკუნის 20-30 -იან წლებში შესრულებული იმ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფური პორტრეტები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული სამხატვრო აკადემიასთან. 
 გამოფენის ასევე ექსპონირებული იქნება:  სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ამ ნამუშევრების ავტორები არიან:  გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი,  მოსე თოიძე და სხვები.  
საგამოფენო პროექტის მიზანია: საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერის - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დანგრევის ზღვარზე მყოფი სათაო შენობისადმი; საზოგადოდ, ქართული კულტურით დაინტერესებულ პირებს გააცნოს აკადემიის წიაღში ათწლეულების მანძილზე შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვანი ნიმუშები.
იდეისა და პროექტის ავტორი - მეცნიერებათა დოქტორი თემურ ბიბილური. 
გამოფენა 7თებერვლამდე გაგრძელდება.