საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებასთან კანონით დადგენილი დროებითი შეზღუდვა მოეხსნებათ. კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" აგრარულ საკითხთა კომიტეტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარუდგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონით დადგენილი მორატორიუმის განმავლობაში (2014 წლის 31 დეკემბერი) აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების დადგენა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება. კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება თანაბრად ემსახურება როგორც კომერციული ბანკების, ასევე მიწათმფლობელების ინტერესებს, თუმცა პროცედურულ საკითხებში მეტი სიცხადე უნდა იყოს შეტანილი.
ზემოაღნიშნული შეზღუდვა, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არ გავრცელდება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი შესაბამისი არგუმენტაციით მიმართავს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდეგ, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხს განსახილველად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
ექვსი თვით, 2014 წლის 1 ივლისამდე გადავადდება საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" გარდამავალ დებულებებში, 22-ე მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, მიწის ფონდის გამოყენების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივ მოწესრიგებასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას თვალისწინებს. გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი იანვრის მეორე ნახევრიდან, საკომიტეტო სხდომების გარდა, სამუშაო შეხვედრების ფორმატშიც გააგრძელებს საქმიანობას.