უმისამართო ბარათი, წერილი მეოცე
თებერვალი დადგა და "წყალი ჩადგა", უფრო სწორედ, როგორც თავად ქართველი პოლიტიკოსები ბრძანებენ "წყალგამყოფი გაჩნდა" ქართულ პოლიტიკაში... ეს წყალგამყოფი ქართულ ოპოზიციაში ვისთვის ჩანჩქერებად და ნაკადულებად მოედინება, ვისთვის აზვირთებულ მდინარეებად და ვისთვის "ჭექა-ქუხილის მომლოდინე" წარღვნადა და მეწყერად...
რაოდენობა და მოცულობა ხარისხს არ ცვლის _ არც ერთი მათგანი სუფთა, მით უფრო ანკარა არაა, მაგრამ მსურველი "წყალგამყოფებს" დინების მიმართულებით, ან საწინააღმდეგოდ გაჰყვეს, მაინც ბევრია...
ვიღაც გაღმა დარჩა და ვიღაც გამოღმა... ვიღაც უჩინრად დააბოტებს "გუბეებს" შორის და "ჭაობმოვლილი წარსულის" საჯარო "განბან-გენწმენდის" რიტუალს აწყობს! ვიღაც გვიმტკიცებს, რომ "ძალა ერთობაშია" და საკუთარ "ერთობას" სხვათა "ერთობის" ნგრევის ხარჯზე ქმნის!
ვიღაც პატარა "გუბურიდან" მთელი ხმით გაჰკივის "მე ის ანკარა ნაკადული ვარო" და ოკიანისკენ სავალი გზის გაგნებაზე "ოცნებობს"...
მოკლედ, მეტაფორული და პირდაპირი გაგებით თებერვალი დადგა და "წყალიც ჩადგა" ქართულ ოპოზიციაში _ ძველი სახეები და ახალი "წყალგამყოფები"! ცხოვრებისეული გამოცდილება და ელემენტარული არითმეტიკული ჭეშმარიტება გვარწმუნებს, რომ "ადგილთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება", მაგრამ ქართულ პოლიტიკას სხვა "ფილოსოფია" აქვს, რომელიც ამჯერად "წყალგამყოფებზე დგას" და სავარაუდოდ წყალგამყოფებზევე "შთაინთქმევა"?!. რაც შეეხება ქართული პოლიტიკის სახელისუფლებო გუნდს, ანუ უძლეველი საქართველის "მშენებლებს", დიდი ხანია მათ "საძირკველშიც" წყალი ჩადგა... იქაც ჭაობია, იქაც ბაყაყები ყიყინებენ!..
მედლის მსგავსად ქართულ პოლიტიკასაც ორი მხარე ჰყავს - ხელისუფლება და ოპოზიცია... მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ქართულ პოლიტიკაში ორივე მხარეს _ "არიოლზეც და რეშკაზეც" _ პრეზიდენტის სახეა ამოტვიფრული, ოღონდ ერთზე მკაფიოდ და მეორეზე "აჩრდილის" სახით!..
თებერვალი დადგა და ნაზამთრალი ქვეყანაც იღვიძებს ზმორებ-ზმორებით ... ეს ის "გაღვიძება" არაა, მაგრამ მაინც!
* * *
გამუდმებით იმის მტკიცებას, რომ "სიმართლის დრო" დადგა მუდმივად ახლავს იმის განცდა, რომ მორიგი "სიცრუის არაკის" მოსასმენად გამზადებენ... არჩევანი არც ისე დიდია _ თუ გულუბრყვილობამ გძლია და დაიჯერე, იმედგაცრუებისა და დიდი დეპრესიისათვის უნდა მოემზადო; თუ გონიერაბამ გძლია _ არანაკლებ დიდი ნიჰილიზმისათვის იმეტებ საკუთარ თავს...
"მესამე" გზა არ ჩანს და ამ მოცემულობაში არც გამოჩნდება, თუ სადმე, შენივე გამოგონილ ილუზიურ "სამყაროს" არ შეაფარე თავი... მაგრამ ის "სამყარო" საზოგადო ვერსადროს გახდებაა, რადგან ჩვენ, თქვენ და მათ კი არა, "კუთვნილებითი ნაცვალსახელით" შენც არ გეკუთვნის _ შენი "გონების ინკუპატორში" გამოყვანილი ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ ...
საკუთარი უსუსურობის გააზრების მიუხედავად სხვების მაინც ვერ ენდობი, რადგან ბრმები და ყრუები დაგიდგნენ "წინამძღოლებად", რომელთაც გაკვალულ გზებზეც ვერ გაიარეს ხეირიანად და "გაუკვალავში" როგორ გაყვები, ან რის იმედად(?)
ჭეშმარიტებისა და სიმართლის მაძიებელთათვის თანდათან ძალს კარგავს პრინციპიც _"გამოსავალი არსებობს მაშინაც კი, როცა ის არ არსებობს". ძალს კარგავს, რადგან თუკი სიყვარულის ვერტიკალურობისა და ბრუნვადობის არ გჯერა და ზეცის ნაცვლად ქვესკნელისკენ მიექანები, "ბროწეულის ოყნასაც" არავინ დაგინიშნავს საბითუმო "ფასად"...
საბოლოო ჯამში, შასაწვავად გამზადებული ერბოკვერცხივით ითქვიფები იმ საყოველთაო ტყუილ-მართალის ორომტრიალში, რომლშიც მინიმუმ "პასიური თანამონაწილეს" რანგში მაინც ხარ ჩართული...
ერთადერთი სიმართლე, რომელიც გესმის და "რევიზიას" არ უქვემდებარებ ისააა, რომ "სამშობლო საფრთხეშია"!!!
სამშობლო მართლაც საფრთხეშია, შენც საფრთხეში ხარ და შენი და შენი ქვეყნის მომავალიც, ოღონდ სიმართლე გაიძულებს აღიარო, რომ ეს საფრთხე მხოლოდ არსებულ ხელისუფლებას არ შეუქმნია, ანუ საფრთხე მხოლოდ "საფრთხობელაში" არაა!.. ისიც არანაკლებ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ვინც საფრთხობელისკენ იშვერს ხელს და საჩვენებელი თითის საკუთარი თავისკენ მიტანა არ შეუძლია(!)
* * *
"სიბრძნე-სიცრუის" არაკი კი დაუსრულებლად გრძელდება... ქვეყანა დაუსრულებელი ტყუილის ეპოქაში ცხოვრობს და "სიმართლის დრო", ანუ გაფუჭებული და მოშლილი "საათი", დემოკრატიულობის "სპექტაკლს" რეკვიზიტად შემორჩა!
იქ სადაც სიყალბეა სიმართლისთვის ადგილი აღარ რჩება... ყველა ლოგიკის თანახმად არც ამდენი სიცრუის გვერდით უნდა იყოს "სიმართლის დრო", მაგრამ ფაქტია _ ყველა ცრუპენტელა მართალკაცობას იჩემებს, ყველა ფარისეველი ღვთისმოსავ-მოშიშობას, ყველა მეძავი ქალწულოებრივ სისიპეტაკეს...
ჩვენ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც "პოლიტ-ნაცარქექიები" ამირანობას იჩემებენ, "პოლიტ-მარადიორები" სხვებს უწყობენ სირცხვილის დერეფნებს" და მორალსაც, ძირითადად ყველაზე ამორალური ადამიანები გვიკითხავენ, მათ შორის "ცნობადი" ადამიანებიც, ცნობილი სცენარებით!
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელი ქვეყანა ერთ დიდ ტყუილზე დგას, ტყუილის გარშემო ბრუნავს და შესაბამისად ტყუილის იმპერიას აშენებს _ გლეხს გადამყიდველი ატყუებს, გადამყიდველს გარე-მოვაჭრე, გარე მოვაჭრე ინტელიგენტს, ინტელიგენტი პოლიტიკოსს, პოლიტიკოსი სახელმწიფოს, სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად... გამუდმებით ტყუილში ცხოვრება ერთგვარ ილუზიური ჯაჭვს ქმნის, რომელიც მრწამსის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის განურჩევლად ერთმანეთთან უხილავად გვაკავშირებს... ეს ტყუილის "ჯაჭვი" მანქურტების სარტყელივით ყველას თავზე გვაქვს შემოვლებული... ერთადრთი განმასხვავებელი ალბათ ისაა, რომ ამ "სარტყელში" ზოგი კომფორტულად გრძნობს თავს, ზოგმა პროფესიად გაიხადა, ზოგმა შემოსავლის წყაროდ, ზოგი აპროტესტებს, ზოგი ვერ ამჩნევს და ზოგიც არ "იმჩნევს"...
* * *
ყველაფერი ცრუ და ამაოა ჩვენს ირგვლივ... ყველაზე უკეთაც ის "ცოცხლობს" ვინც ყველაზე მეტად და წარმატებულად იტყუება... ყველაზე წარმატებულად ის იყიდება და რაც ტყუილითაა დამზადებულ-შეზავებული... ყველაზე უკეთ სიმართლედ "შეფუთული" ტყუილი საღდება, თუნაც იმიტომ, რომ ტყუილის მოყვარული გაცილებით მეტია ამ ქვეყანად, ვიდრე სიმართლის... სიმართლე კი იმდენად ცოტაა და იმდენად მწარე, ტყუილს ვერც "გაბარიტებით" გასწვდება და ვერც "ამომრჩევლის" სიმრავლით...
თებერვალი დადგა და "წყალი ჩადგა" _ ვისთვის საძიირკველში და ვისთვის თვალებში, ცრემლის სახით...
"წყალგამყოფებიც" რაღაცას "გაყოფენ", ან ვერ გაყოფენ... ჩვენ მუდამ ვიქნებით "შეშფოთებულები" და ამ "შეშფოთებასაც" რომელიმე წყალს გავატანთ...
თებერვალი დადგა და ნაზამთრალი ქვეყანაც იღვიძებს ზმორებ-ზმორებითა და მთქნარებ-მთქნარებით... სიცრუის ეპოქაში რამდენჯერაც არ უნდა "დაიძინო" და რამდენი ხანიც არ უნდა "გეძინოს" ბოლოს მაინც ისევ სიცრუის ეპოქაში გაიღვიძებ...
ამ ტერიტორიებ აგლეჯილ, ვერშემდგარ სახელმწიფოში კი, საიდანაც არ უნდა შემოხვიდე _ ჩრდილოეთიდან, თუ დასავლეთიდან _ სიცრუის იმპერიაში ამოყოფ თავს, სადაც "სიმართლის დრო" კედლის მოშლილი საათივით კიდია "დემოკრატიის კარიბჭეზე"...
თებერვალი დადგა და ნაზამთრალი ქვეყანაც იღვიძებ ... ეს ის "გაღვიძება" არაა, მაგრამ მაინც!
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი